Monday, June 7, 2010
Sunday, June 6, 2010
ცხენისწყალი
ცხენისწყალი - მდინარე დასავლეთ საქართველოში, რიონის მარჯვენა შენაკადი. სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის მყინვარებიდან, ზემოწელში ქმნის ღრმა ხეობას, ჩანჩქერებს, ქვემო წელში მიედინება ვრცელ კოლხეთის დაბლობზე. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლებით, გამოიყენება სარწყავად. მდინარის სიგრძე 176 კმ-ია, აუზის ფართობი - 2120 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 60 კუბ.მ/წმ (შესართავთან), მაქსიმალური - 371 კუბ.მ/წმ. ცხენისწყალზე მდებარეობს ქალაქი ცაგერი.
აჭარისწყალი
მდებარეობა: აჭარა
სიგრძე: 90 კმ
აუზის ფართობი: 1540 კვ2
სათავე: არსიანის ქედი
ჩაედინება: ჭოროხი
ქვეყნები: საქართველო
აჭარისწყალი - მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჭოროხის მარჯვენა შენაკადი. იგი სათავეს იღებს არსიანის ქედზე, მიედინება ვიწრო, ღრმა ხეობაში, შესართავთან ფართოვდება. აჭარისწყლის სიგრძე 90 კმ-ია, აუზის
ლიახვი
ლიახვი, დიდი ლიახვი, მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. სათავე აქვს ყელის ვულკანურ მთიანეთში. წარმოიქმნება მდინარეების ყადლასანისწყლისა და დესკოხირდონის შეერთებით ზღვის დონიდან 2338 მ-ზე. ერთვის მდინარე მტკვარს მარცხნიდან ქ. გორთან. სიგრძე მდინარე ყადლასანისწყლის სათავიდან 115 კმ, აუზის ფართობი 2440 კმ2. მთავარი შენაკადებია ერმანისწყალი, ჯომალისწყალი, გუდისიდონი, პატარა ლიახვი და მეჯუდა.
ლიახვის სათავეებში არის 12 მცირე მყინვარი, რომელთა ფართობი 5,5 კმ2-ია. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის მარტის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე. წყალმცირობა — ზაფხულ-შემოდგომაზე, რომელსაც წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები არღვევს. მდგარი წყალმცირობაა დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე. გაზაფხულსა და ზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 76%, შემოდგომაზე — 16%, ზამთარზე — 8%, საშუალო წლიური ხარჯი ჯავასთან 20,3 მ3/წმ, მდინარე პატარა ლიახვის შეერთების შემდეგ 47,3 მ3/წმ. ლიახვზე ზამთარში პერიოდულად შეინიშნება ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი. იყენებენ სარწყავად. ლიახვიდან გაყვანილია კეხვის, ტირიფონისა და სალთვისის არხები. რწყავს 62 ათას ჰა მიწას. დიდ ლიახვზე მდებარეობს ასევე ქალაქი ცხინვალი.
ჭოროხი
სიგრძე: 438 კმ
აუზის ფართობი: 22000 კმ2
ჩაედინება: შავი ზღვა
ქვეყნები: თურქეთი და საქართველო
ქალაქები: ართვინი და ბაიბურთი
ჭოროხი — მდინარე თურქეთსა და საქართველოში. მდინარის სიგრძე 438 კმ-ია, მათ შორის 26 კმ-იან მონაკვეთზე მიედინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აკამფსისი (ბერძნ. Akampsis), მდ. ჭოროხის სახელწოდება რომაულ და ბიზანტიურ წყაროებში.
ჭოროხი ძირითადად მიედინება ტექტონიკურ ხეობაში ლაზისტანისა და ჭოროხის ქედებს შორის და ქალაქ ბათუმის სამხრეთით ერთვის შავ ზღვას. აუზის ფართობი 22 ათასი კვ.კმ-ია, წყლის საშუალო ხარჯი - 285 კუბ.მ/წმ, ახასიათებს გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობები, გამოიყენება სარწყავად. მდინარე ჭოროხზე თურქეთის მხარეს მდებარეობს ქალაქი ბაიბურთი, სპერი (ისპირი), ართვინი, ბორჩხა, აგებულია ჰესები, საქართველოს საზღვართან ახლოს მიმდინარეობს დერინერის კაშხალის მშენებლობა. ჭოროხის აუზში ქართული კულტურის მრავალი ძეგლია შემორჩენილი.
რიონი
რიონი, უდიდესი მდინარე, რომელიც მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე მიედინება. სიგრძე 327 კმ, აუზის ფართობი 13400 კმ². სათავე აქვს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ფასის მთაზე, ზღვის დონიდან 2960 მ. ერთვისშავ ზღვას ფოთთან. სათავიდან სოფელ გლოლამდე მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განიერ, ღრმა ხეობაში, რომელიც მდინარე ზოფხიტურის შეერთებამდე ტროგულია. ივითარებს განიერ ჭალას და იტოტება. ადგილ საგლოლოს ქვემოთ მიედინება ჯერ სამხრეთისკენ, შემდეგ — სამხრეთ დასავლეთისკენ ღრმა და ვიწრო ხეობაში, ივითარებს ვიწრო წყვეტილ ჭალას. ონთან უხვევს დასავლეთისკენ და მიედინება სოფელ ალპანამდე. ხეობა აქ ღრმა და განიერია, აქვს ფართო ჭალა, რომელიც წყალდიდობის დროს თითქმის მთლიანად იტბორება. მდინარე იტოტება და წარმოშობს კუნძულებს. ჩამოყალიბებულია ტერასები, რომელთა სიმაღლე 2-3-იდან 20-35 მ-მდეა, სიგრძე 2-3 კმ, სიგანე რამდენიმე ასეული მეტრია. ტერასებზე გაშენებულია სოფლები, ბაღ-ვენახები, ბოსტნები და ნათესები. ხეობა ზოგან შევიწროებულია ქმნის კლდეკარს (ხიდიკრის კლდეკარი). სოფელ ალპანიდან რიონი მკვეთრად უხვევს სამხრეთისკენ და ვიწრო ხეობაში გაედინება, მხოლოდ ალაგ-ალაგ განივრდება და იტოტება. სოფელ ტვიშთან ქმნის ღრმა კლდეკარს. ქუთაისის ქვემოთ, კოლხეთის დაბლობზე გამოდის, ივითარებს განიერ ჭალას, იტოტება და წარმოშობს კუნძულებს.